Monday, December 1, 2008

არაგვი

მორბის არაგვი

მცხეთასთან მტკვარს მდინარეარაგვი ერთვის. ბევრნაირი არაგვია საქართველოში_შავი (ანუ გუდამაყრის) არაგვი, თეთრი (ანუ მთიულეთის) არაგვი, ფშავის არაგვი, ხევსურეთის არაგვი, მაგრამ საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მთიულეთის არაგვი იწყება ხევის ყელთან მთიულეთში, მას სოფელ ფასანაურამდე თეთრ არაგვსაც უწოდებენ.დიადი სანახავია მთიულეთის არაგვის ხეობა! სადღაც შორსა და ღრმად, ვერცხლისფერი თოკივით მიიკლაკნება ბობოქარი თეთრი არაგვი, ხეობის ნაპირს მიუყვება ტყიანი ფერდობი, რომელთაც უხვად რწყავს ანკარა წყაროები და ნაკადულები. სოფ. ფასანაურთან მას უერთდება გუდამაყრის არაგვი, ანუ შავი არაგვი. მაღალმთიანი, ძნელად მისადგომი და მკაცრი შესახედაობისაა გუდამაყრის არაგვის ხეობა, რასაც შესანიშნავად აგვიწერს ალ. ყაზბეგი: "გუდამაყრის ხეობას, თითქოს განგებ, გაუპია კავკასიის მთების უმთავრესი ძარღვი და ვიწრო ხეობად შიგ შეჭედილა; ეს ხეობა ავდარსა და ნიაღვარს დაუხრამავს, მაღლობებიდგან ჩამონადენს ქვას და ღორღსა უშველებელის ლოდებით გაუვსია და მეტისმეტად ძნელს გასასვლელად შეუქმნია. ხშირი და დაბურვილი ტყე, რომელიც ხეობას აქეთ-იქით ფერდობზედ მისდევს, გახლართულა სხვადასხვა მხვევის მცენარეებით და ყოველი მოძრაობა უფრო მეტად გაუძნელებია. ხეობა თავდება თვალშეუწვდენელის ფრიალოთი, რომელიც, თითქოს განგებ, გზის მოსასპობლად გაჰხირებია და იქაურობას მუქარით და ამაყად გადმოჰყურებს. პირველსავე შეხედვით, ეს ადგილი ივდამომცველად გეჩვენებათ, რომ ნება-უნებლივ გაღონებთ და ამგვარის მდგომარეობის მიზეზი კი ვერ აგიხსნიათ. მუდამ დაბურული, დაღვრემილი და შეკუმშილი ბურსაჭირის ფრიალო ნისლს არასოდეს ქარსა და ავდარს გაუკვლევია; მკაცრი, მედიდური, შავად და ბნელად გამოიყურება უზარმაზარი ფრიალო და, თითქოს განრისხებული, ექადის, ვინც კი მიკარებას გაუბედავს.ხშირი ბურუსი,მეტისმეტად ვიწრო ბილიკი და ნესტი ფრიალოს წვერებს ანოტიოებს, შლის და ურიცხვს ხალხს და საქონელს იმსხვერპლებს ხოლმე. მაგრამ, თუ ასეთის უსიამოვნოს შთაბეჭდილების მომხდენია ეს ფრიალო, ამის სამაგიეროდ, რა წამს გადასავალს გადასცდებით, თვალწინ მთელი ედემი გადაგეშლებათ. თქვენ დაინახავთ საკმაო მანძილზე გადაჭიმულს ღელეს, ნაზისა და სურნელოვანის ბალახითა და ყვავილით შემკულს.
თეთრი არაგვი საოცარი სისწრაფით ეშვება რიყის ვეებერთელა ქვებით დახერგილ კალაპოტში. გაგონდებათ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესანიშნავი სიტყვები:

"მორბის არაგვი, არა გვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისისსა ატეხილ ჭალებს.
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება შენი იხილოს,
რომ თქვენ ბუჩქებში არა ჩამოხედეს,
რაც უნდა გზასა ეშურებოდეს,"

მაგრამ რომელი არაგვის მიმართ არის ნათქვამი ეს სიტყვები? -- ალბათ ყველას მიმართ, რადგან ყველა არაგვს სწრაფი დინება და ტყიანი ლამაზი ხეობა აქვს. შავი არაგვის სათავეც კავკასიონზეა, ბურსაჭირის გადასავალთან გუდამაყარში.ფასანაურთან, სადაც თეთრი და შავი არაგვი ერთმანეთს უერთდება, მდინარეები წყალდიდობის დროსაც კი არ ერევიან ერთმანეთში და საკმაო მანძილზე, ინარჩუნებენ თავის ფერს: თეთრი არაგვი მორძისფეროა, ხოლო შავი არაგვი შავი ფერისაა. ფასანაურის ქვემოთ მდინარეს ისევ მთიულეთის არაგვს უწოდებენ. იგი ფასანაურიდან, ანანურამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინება ლამაზ, ვიწრო ტყიან ხეობაში. ანანურთან იგი სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ უხვევს. შესანიშნავი წარსული აქვს ანანურს, რომელიც წარმოადგენდა უძლიერეს ფეოდალთა-არაგვის ერისთავთა ციხე-სიმაგრეს. დღესაც კარგადაა შემორჩენილი ანანურის ციხე-დარბაზი, რომელიც მაღლიდან თავზე დასცქერის ბობოქარ მთიულეთის არაგვს. ანანურიდან 5-6 კმ-ზე მოშორებით, ჟინვანთან მთიულეთის არაგვს მარცხნივ ფშავის არაგვი უერთდება. სწორედ აქედან იღებს მდინარე საკუთრივ არაგვის სახელს. მდ. ფშავის არაგვის ნაპირას, პატარა მარცხენა შენაკადის ჩარგლულას პირას, სოფ. ჩარგალში დაიბადა შესანიშნავი ქართველი მწერალი ვაჟა ფშაველა. სოფ. ორწყალთან ფშავის არაგვს მარჯვნიდან ხევსურეთის, არაგვი ერთვის. ამრიგად, ყველა არაგვი, შავია თუ თეთრი, ფშავისაა თუ ხევსურეთის, ჟინვანთან იყრის თავს და მეტად მძლავრ, წყალუხვ მთის მდინარე არაგვს ჰქმნის. ჟინვანის ქვემოთაც არაგვის ქვებითა და ლოდებით ამოვსებული კალაპოტი ძლიერ დაქანებულია, ნაპირები კლდოვანი აქვს. იგი დიდი სისწრაფითა და მიწასთან ასწორებს. ტყუილად კი არ უთქვამს ვაჟას:

"მდინარე უყეფს; გზა მომეც,
კლდეო, გამიშვი წინაო,
ამ ქვა-ლოდებზე ხტომამა
ძალიან დამაშინაო... მინდა,
რომ ბარად ჩავიდე,
იქ მოვიპოვო ბინაო."

მართლაც მერე ხეობა ფართოვდება და არაგვიც ბარში_მუხრანის ქვაბულში ჩამოდის, სადაც ვაკის მდინარედ გადაიქცევა, იტოტება და აჩენს კუნძულებს.
საგურამოს ქედსა და სხალტბის შორის არაგვის ხეობა ვიწროვდება, მაგრამ კალაპოტი მას მაინც ფართო აქვს. გაიხედავთ მარცხნივ და თქვენს თვალწინ აღიმართება საგურამოს ტყიანი ფერდობი, მაღლა ზედაზნის მონასტრით, ხოლო ძირს, წიწამურთან, ობელისკით. აქ, ქართველი ხალხის მტრის ხელმა, ვერაგულად, სიცოცხლეს გამოასალმა დიდი ილია.
მცხეთასთან არაგვი ფართოდ იშლება და მტკვარს ერთვის, მათ შორის კონცხისმაგვარი წანაზარდია, რომელიც მაღალი ალვის ხეებითაა დაფარული.
არაგვის სიგრძე (თეთრი არაგვის სათავიდან) 112 კმ უდრის. წყალდიდობა მასზე აპრილ-ივლისის თვეებში იცის. იგი უფრო წყალუხვია ზაფხულში, ვიდრე გაზაფხულზე, რაც გამოწვეულია მაღალმთის ზონაში მუდმივი თოვლისა და ყინვარების მოგვიანებული დნობით.
არაგვი ენერგიის დიდ მარაგს ფლობს, მაგრამ ჯერჯერობით იგი გამოყენებული არაა. მომავალში გათვალისწინებულია არაგვზე მძლავრი ჰდროელსადგურის აგება. ჟინვანთან მოეწყობა ვეებერთელა წყალსაცავი, რომლის წყალი დაფარავს როგორც მთიულეთის ისე ფშავის არაგვის ხეობის ნაწილს. მცხეთასთან ახლოს, მტკვარზე ელსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, ააგეს რკინა-ბეტონის კაშხალი, ამ უკანასკნელმა მტკვარიც და არაგვიც შეაგუბა და დიდი წყალსაცავი წარმოიქმნა. ამან კიდევ უფრო გაამშვენიერა არქიტექტურის უბადლო ძეგლებით მდიდარი მცხეთა. წყალსაცავს აღმოსავლეთიდან თავზე დასცქერის ჯვრის მონასტერი, რომელიც ნაგებობის რელიეფთან შეხამების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს. წყალსაცავიდან წყალი მტკვრის მარცხენა მხარეზე აგებულ სადერივაციო არხით ზემო ავჭალის ელექტროსადგურამდე მიდის.
თბილისის ქვაბულშიც მტკვარი მდორედ მოედინება. აქ მას დაბალი ნაპირები აქვს. დიღმის ველზე ფართო კალაპოტს ივითარებს, ხოლო ქალაქის ფარგლებში კვლავ ვიწრო ხეობაში მიედინება. განსაკუთრებით ვიწროა იგი მეტეხის ყოფილ ციხესთან, სადაც მდინარე ვულკანოგენურ ქანებში იჭრება. დიღმის წყლის შესართავის ზემოთ მტკვარი აჩენს რამოდენიმე კუნძულს, რომლებიც წყალდიდობისას ხშირად წყლით იფარებიან. კუნძულები მტკვარზე ორთაჭალაში და მის ქვემოთაცაა.
ადრე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს მტკვარი: წყალდიდობისას მისი დაბალი ნაპირებიდან გადმოდიოდა წყალი და ზოგჯერ მთელ უბანს ფარავდა. ახლა თბილისის ფარგლებში მდინარის ნაპირები ხელოვნურად არის გამაგრებული ლამაზად აშენებული რკინა-ბეტონის კედლით და მის გასწვრივ ფართო, მწვანე ნარგავებით დამშვენებული სანაპირო ქუჩებია გაშლილი. მტკვრის ხელოვნურად გაშენებულმა სანაპირომ არა მარტო დაამშვენა ქალაქი და ხელი შეუწყო ქალაქის შიდა სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებას, არამედ ამ სანაპიროს აგებით მდ. მტკვარს საბოლოოდ აღეკვეთა ნაპირზე გადმოსვლა, რომელიც არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა თბილისში.
ადამიანის ხელითვე მოხდა თბილისის ფარგლებში არსებული კუნძულების მდინარისაგან მოწყვეტა და მათი შეერთება ქალაქის მარჯვენა, თუ მარცხენა მხარესთან.
მარგალიტისა და მარჯნის წყაროდან ხუთას ათი კილომეტრი გამოიარა მტკვარმა ვაკეზე, კლდესა თუ ღრეში, ვიდრე თბილისს მოაღწევდა, მერე კი დაღლილ-დაქანცული იგი თბილისს სტოვებს და ქვემო ქართლის ვაკეზე მიიკვლევს გზას.
მთა იაღლუჯას პირდაპირ მდ. მტკვრიდან სარწყავი არხია გაყვანილი, რომელიც გარდაბნის (ყარაიაზის) მშრალ ველებს რწყავს. მტკვარს ბევრი წყალი ეხარჯება გარდაბნის ველის მორწყვაზე, მაგრამ ამ დანაკლისის საკომპენსაციოდ იგი მარჯვნიდან ალგეთის წყალს იღებს.
მდ. ალგეთი მტკვარს სოფელ ქოსალოსთან უერთდება და სოფ. დურნუკამდე ქვემო ქართლის ვაკეზე გადის, სადაც მას ნელი დინება აქვს. სოფ. დურნუკის ზემოთ მდინარის დახრილობა თანდათან მატულობს და იგი მთის მდინარის ხასიათს იძენს. ალგეთის სათავე თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს, დაახლოებით იქ, სადაც ჩვენი წინაპრების მიერ კლდეკარის ციხეა აგებული. კლდეკარის ციხე თრილეთის ქედის თხემზეა აღმართული და თავზე დაჰყურებს, ერთი მხრივ, მტკვრის ხეობას, ხოლო, მეორე მხრივ, ალგეთის ხეობასა და წალკის ვულკანურ პლატოს. ალგეთის ხეობა ზემო წელში მშვენიერი ტყით არის დაფარული, ხოლო ქვემო და ნაწილობრივ შუა წელშიც. ტყეს მოკლებულია. ალგეთის აუზში დიდი რაოდენოით არის ლითოგრაფიული ქვა. ალგეთი საერთოდ არ არის წყალუხვი მდინარე. წყალდიდობა მასზე გაზაფხულზეა, ხშირი და ძლიერი წვიმების გამო. მაგრამ ზოგჯერ მან საშინელი მოვარდნა იცის, რასაც დიდი ზიანი მოაქვს ადგილობრივ მცხოვრებთათვის.
მდინარე მტკვრის უხვწყლოვან შემდინარეს წარმოადგენს ხრამი (ქცია-ხრამი), რომელიც თრიალეთის ქედზე ცხრაწყაროს გადასავლელთან იღებს სათავეს. ზემო ნაწილში მას ქციას უწოდებენ. "ხოლო ამ თრიალეთის საშუალოსა დის მდინარე ქცია, წოდებული ანუ დაბის გამო, ანუ ვინათგან აქცევს ხიდთა, რავდენცა მტკიცე ქვიტკირისა იყოს, მის გამო იწოდა. ესე გამოსდის შავრაშეთის მთასა, გამოვლის მარიანს, თრიალეთს, ქციის ხრამსა და მიერთვის ხუნანს მტკვარსა: (ვახუშტი). მდინაის მეორე ნაწილს (შუა და ქვემო წელს)ხრამი ეწოდება. ვახუშტის ცნობით, მოდიმნახეს ციხის ქვეით "არს ხრამი ქციისა". ამრიგად, ამ ცნობით, მდინარეს ისევ ქცია უნდა ერქვას. რადგან ხრამში ვახუშტის ნაგულისხმები აქვს ვიწრო ხეობა (რომელსაც მდინარე ივითარებს წალკის ქვაბურიდან გამოსვლის შემდეგ) და არა თვით მდინარე. ახლა აღნიშნული ხრამი მდინარის სახელწოდებად არის მიღებული, მაგრამ მარტო წალკის ქვემოთ მდებარე ნაწილის მიმართ კი არა, არამედ ზემო წელსაც ხრამს ეძახიან. მდინარე ხრამი ზემო წელში ვაკეზე მოედინება. წალკის წყალსაცავამდე მასზე იდეალურად არის გამოხატული კლაკნილები (მეანდრები), ნაპირები ზოგან დაჭაობებული აქვს. წალკასთან (ყოფილ ბარმაქსიზთან), სადაც რელიეფს ქვაბურის მოყვანილობა აქვს, ხრამი შეაგუბეს და წალკის უზარმაზარი წყალსაცავი შექმნეს. წყალსაცავიდან წყალი 7 კილომეტრის სიგრძის გვირაბით მიემართება "ხრამჰესისაკენ". ხრამის ძველი კალაპოტით კი მხოლოდ ხოების კალთებიდან გამომდინარე მძლავრი წყაროების წყალიღა გაედინება. დაბა თრიალეთის ქვემოთ ელსადგურის მიერ "გადამუშავებულა" წყალი კვლავ უბრუნდება მდინარეს. დიდებული სანახავია დაბა თრიალეთის დასაცქერი ზემოდან ბუმბერაზ კანიონისებურ, ლამაზ, ტყიან ხეობას, რომლის ფსკერზე არამის ჰიდროელექტროსადგურის სამანქანო შენობაა აგებული, ხოლო შენობიდან თითქმის 400 მეტრის სიმაღლეზე აღმართულია ვერცხლისფრად მოელვარე მსხვილი წყალსაწნეო მილები და განცვიფრებს ქართველ მშენებელთა მიერ ბობოქარი მდინარის დამორჩილებისა და მისი ენერგიის ხალხის სამსახურში ჩეყენების ეს დიდი მაგალითი. "ხრამჰესი პირველის" ქვევით, 15 კილომეტრის მოშორებით, ხრამი ისევ "დააჩოქეს" აქ აშენდა და უკვე მწყობრში ჩადგა "ხრამჰესი მეორე".